ახალი პლატფორმა - აპლიკაცია მოსწავლეებისთვის

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებელთა ყველა სეგმენტის საჭიროებები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ და თუკი ჩვენი ძირითადი სერვისები აქამდე ზრდასრულ ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებზე ვრცელდებოდა, ამიერიდან ბანკი სკოლის მოსწავლეებსაც მიაწვდის მათთვის საჭირო სერვისებს.
ჩვენ უკვე ვმუშაობთ ახალ, მხოლოდ მოსწავლეებისთვის განკუთვნილ აპლიკაციაზე, რომელიც მათ ინტერესებზე იქნება გათვლილი და მორგებული.
გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის მოსწავლეებს ზრდასრულებისგან განსხვავებული ინტერესები აქვთ, მუშაობის პროცესში გამოიყო ის ელემენტები, რაც ამ სეგმენტს გამოარჩევს და რაზეც აპლიკაცია იქნება დაფუძნებული, ესენია:

1. გართობა – მათ უყვართ გართობა და მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაცია ქმნიდეს რაც შეიძლება ბევრ და მრავალფეროვან გართობის შესაძლებლობებს;
2. გემიფიკაცია – მათ მოსწონთ და შთააგონებთ ყველაფერი ის, რაც თამაშის ელემენტებს შეიცავს, ანუ ერთგვარი გემიფიკაციაა.
3. განათლება – სადაც ასევე იქნება ფინანსური განათლების ელემენტები, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებმა სკოლის ასაკიდანვე ისწავლონ ფინანსების მართვა, რათა სამომავლოდ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ.
4. სოციალიზაცია – მათთვის ასევე მნიშვნელოვანია სოციალიზაცია ციფრულად.

შესაბამისად ახალი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად მარტივი, სახალისო და ფინანსური ელემენტებით გაჯერებული იქნება.
და მაინც, რას შეძლებენ სკოლის მოსწავლეები ახალი აპლიკაციის მეშვეობით?

1. ანგარიშის მართვას – ახლა უკვე სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ, ციფრულად გააკონტროლონ sCool Card-ზე ნაშთები;
2. შეავსონ მობილური ბალანსი დამოუკიდებლად;
3. გადარიცხონ თანხა ახლობლებთან, განსხვავებული, სახალისო გამოცდილებით;
4. მიიღონ შეთავაზებები – ახალ აპლიკაციაში ისინი მიიღებენ მათთვის განკუთვნილ, სპეციალურ შეთავაზებებს მათი საყვარელი ობიექტებიდან, რაც მათთვის კიდევ უფრო მეტად სარგებლის მომტანს გახდის scool card-ის ყოველდღიურად გამოყენებას.

ასევე, აპლიკაციას ეტაპობრივად დაემატება ისეთი ფუნქციები, როგორიცაა:
• მიზნის დასახვა და დაგროვების სწავლა
• საკუთარი ფინანსების კონტროლი და მართვა
• მოსწავლეებს აპლიკაციაშივე ექნებათ შესაძლებლობა, მშობელს თანხა სთხოვონ
• მიიღონ დავალებები და წახალისებები.

და ბოლოს, პირველი დახურული ბეტა ვერსია ზაფხულში, მოსწავლეების კონკრეტული ჯგუფისთვის გაეშვება, ხოლო ახალი სასწავლო წლისთვის გატესტილი ვერსია ხელმისაწვდომი იქნება სკოლის ყველა მოსწავლისათვის.

საქართველოს ბანკი 2022