Super app - ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში
ჩვენი მობილურები უამრავ ისეთ აპლიკაციას აერთიანებს, როგორებიცაა: ტაქსის გამოძახების აპლიკაცია, ბილეთების შეძენის აპლიკაცია, ონლაინ მაღაზიების აპლიკაციები, მობილბანკები და ა.შ ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ჩვენ ხშირად გვიწევს ამ სერვისებით სარგებლობა.
ყველაზე დიდი გამოწვევა კი, რასაც დღესდღეობით ამ საკითხთან მიმართებით ვაწყდებით, არის ის, რომ ზემოხსენებული სერვისები ერთ სივრცეში არ არის და თითოეული პლატფორმის ცალ-ცალკე გამოყენება დღეში რამდენჯერმე გვიწევს.
Super app სწორედ ისეთი აპლიკაციაა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ და კიდევ სხვა მრავალი ტიპის სერვისს მოიცავს. ეს ტერმინი პირველად ბლექბერის დამფუძნებელმა – მაიკ ლაზარიდისმა ახსენა 2010 წელს და სუპერაპი აღწერა, როგორც ბევრი აპლიკაციის ჩაკეტილი ეკოსისტემა, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად გამოიყენებენ, რადგან მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მარტივ, ინტეგრირებულ და კონტექსტურ გამოცდილებას მიიღებენ.
სუპერ აპები ხშირად გვხვდება ფინანსურ სფეროში, მაგალითად რევოლუტი, რომელმაც ფინტექ აპლიკაციით დაიწყო და ნელ-ნელა სუპერ აპი გახდა. ასევე ყაზახეთის ტრადიციული ბანკის აპლიკაცია “Kaspi”, რომელიც დღეს სუპერ აპია და მილიონობით მომხმარებელს ემსახურება.
საქართველოს ბანკის აპლიკაცია დროთა განმავლობაში უამრავ ცვლილებას განიცდიდა და ლოგიკურად გაგვიჩნდა სურვილი, არსებულ სუპერ აპებში ეს აპლიკაციაც მოაზრებულიყო. შეიძლება ითქვას, რომ სუპერ აპის ნიშნები ჩვენს მობილბანკს ნამდვილად აქვს.
- აპლიკაციას ყოველთვიურად 900,000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს და აქედან – 44% ყოველდღიურად;
- ბანკში არის მომხმარებლებთან დაკავშირებული უამრავი განსხვავებული ტიპის მონაცემი, რომელზე დაყრდნობითაც მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებების გაკეთებაა შესაძლებელი, სწორ დროს და სწორ ადგილას;
- მომხმარებელთა დიდი რაოდენობა და მდიდარი მონაცემთა ბაზა სუპერ აპის მნიშვნელოვანი ფუნდამენტია. ამ კომპონენტების გარეშე სუპერ აპის შენება თითქმის წარმოუდგენელია.